logo
ENG



დუდას თქმით, პოლონეთში აფეთქება "დიდი ალბათობით" უკრაინის საჰაერო თავდაცვას უკავშირდება

16 ნოე 202215:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/16/qq7khe66iuoovwx.jpg

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ "დიდი ალბათობით" პოლონურ სოფელში რაკეტების აფეთქება უკრაინის საჰაერო თავდაცვით იყო გამოწვეული, რაც "შემთხვევითობა იყო".

პრესკონფერენციაზე დუდამ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, უკრაინა რუსული წარმოების რაკეტას იყენებდა.

იგი აღნიშნავს, რომ არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ პოლონეთზე მიზანმიმართული თავდასხმა განხორციელდა.

"დიდი ალბათობით, ეს იყო რუსული წარმოების S-300 რაკეტა. ამ ეტაპისთვის ჩვენ არ გვაქვს იმის მტკიცებულება, რომ რაკეტა რუსულმა მხარემ გაუშვა", - დაწერა ტვიტერზე დუდამ.

უკრაინის საზღვართან ახლოს პოლონურ სოფელში ჩამოვარდნილი რაკეტა პირველი შემთხვევაა, როდესაც კონფლიქტის დროს NATO-ს წევრ ქვეყანაზე დარტყმა განხორციელდა. უცნობია ვინ გაუშვა რაკეტა ან კონკრეტულად საიდან გაუშვეს, მაგრამ აშშ-ში ვარაუდობენ, რომ ეს უკრაინის ტერიტორიიდან მოხდა.

პოლონეთის ტერიტორიაზე, 15 ნოემბერს უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში 2 რაკეტა ჩამოვარდა. პოლონეთმა დაადასტურა, რომ მათ ტერიტორიაზე რუსული წარმოების რაკეტა ჩამოვარდა. 

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობს, რომ "15:40 საათზე პოლონეთ-უკრაინის საზღვართან, რუსული წარმოების რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც პოლონეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დაიღუპა".

შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ელჩი დაიბარა და "მოითხოვა სასწრაფო, დეტალური განმარტებები".

პოლონეთს პრემიერმინისტრმა "კრიზისული სიტუაციის გამო" უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სასწრაფო სხდომა მოიწვია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს კავშირს რაკეტასთას და ამბობს, რომ გავრცელებული ცნობები "მიზანმიმართული პროვოკაციაა ესკალაციის მიზნით".

პოლონეთმა დაადასტურა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და მომხდარის გამო, სამხედრო მზადყოფნის გაზრდის შესახებ განაცხადა

მომხდარის შემდეგ, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ესაუბრა. სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი აკვირდება სიტუაციას და მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად დადგინდეს ფაქტები. 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კი თქვა, რომ ნაკლებადსავარაუდოა, რაკეტები რუსეთიდან ყოფილიყო გაშვებული. 

გამოცემა Associated Press სამ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერდა, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდ, უკრაინელმა სამხედროებმა გაუშვეს, რათა რუსული რაკეტა ჩამოეგდოთ.

AP-ის თქმით, რაკეტა უკრაინელმა სამხედროებმა ესროლეს მოახლოებულ რუსულ რაკეტას ენერგო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მასიური თავდასხმის დროს, რომელიც წინა დღეს განხორციელდა.


close დახურვა